Friday, December 02, 2011

ბებო

მე ვეღარ გაგაცნობთ ჩემს ბებიას... იმიტომ, რომ მოსწყინდა ჩვენთან ყოფნა და გაფრინდა... ალბათ ბაბუ მოენატრა, თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე ბაბუ...

მე ვერ გაგაცნობთ ჩემს ბებიას, აღარც სოფელში ფუსფუსებს და აღარც თბილისში წევს ოთხ კედელში გამოკეტილი ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ არეული... ალბათ მოსწყინდა წოლა და გაფრინდა... ალბათ ბაბუ მოენატრა, მისი გამაკერპებელი, მისი გამაღმერთებელი და ყველაზე მზრუნველი...

მე ვეღარ გაგაცნობთ ჩემს ბებიას, გაფრინდა და ახლა მხოლოდ ფოტოებიდან იღიმის, ფოტოებიდან მიყურებს და ხმას არ იღებს, ახლა აღარ აქვს თვალები საგნების მიღმა მიშტერებული, აღარც დიაბეტი აწუხებს, აღარც წნევა, აღარც სინათლედაკარგულია, აღარც უმწეო, აღარც კვნესა ისმის მისი ოთახიდან, არც ტკივა, აღარ ტკივა... ალბათ დაღალა ტკივილმა და ბაბუასთან გაფრინდა, მის მკლავს შეეფარა...

ბევრ რამეზე მტკივა გული, ძლიან მტკივა, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე, რომ უტკბილესი ხმა სოფელში ჩასვლისას აღარ შემომესმება: "ჩამოხვედი დედა?"...

პ/ს რა საოცრებაა ბაბუა, რომ გარდაიცვალა 07.07.07 იყო და მისი მეუღლე, ბებია კიდევ 11.11.11 ...