
ძველი, საბჭოთადროინდელი რკინის საათის მძიმე, მონოტორული წიკწიკი სიჩუმეს აყრუებდა.
-ღრმად ისუნთქეთ...
ჰაერში სხვადასხვა წამლის უსიამოვნო სუნი ტრიალებს, ვცდილობ ნელ-ნელა ვისუნთქო, რომ ამ შმორმა არ მშთანთქას, მეშინია, არ ვიცი რატომ... ვცდილობ ოთახს თვალი მოვავლო. გრძელი ოთახია, ოთხივე კედელს ძველი ხის კარადები ჩაბღაუჭებიან, ყბა დაუღიათ და საცაა გადმოსვივდებათ გაცრეცილი სწრაფჩამკეტები. უამრავი თაროა და კიდევ თეთრი შუშიანი კარადა დგას სავსე სხვადასხვა ზომის ქილებით, რომელშიც მუქი ფერის სითხეები ასხია, ზოგგან ფხვნილებია, სადღაც შიგნით დიდი ნემსიც იქნება გადამალული. მარცხნივ ფანჯარაა, გარეთ მზეა და ალბათ სიოც უბერავს, შუადღეა და ფოთლებიც ზანტად ირხევა. ცხელა... საღებავამოცვენილ ფანჯრის რაფაზე მზის სხივები თამაშობენ. სულ უფრო ხშირხშირად გამირბის თვალი მარჯვნივ, თეთრი კარებისკენ, სიძველისგან ხიჭვები და ბუსუსები, რომ გასჩენია, დედიკო შემპირდა, რომ გამოვალთ დაჭერობანას გეთამაშებიო. მერე ძირს დავიხედე, იატაკს ვერ ვწვედები, იმიტომ რომ ”დიდების” სკამზე ვზივარ, ფეხებს უღიმღამოდ ვაქნევ და ამოცვენილ პარკეტის ნაჭრებს ვითვლი: ერთი, ორი, სამი... ცხრამეტი, ოცი... როგორ უყვარს მამიკოს მე რომ ვითვლი, დედამ მითხრა ასამდე გასწავლიო. აუ ასი რამდენია? ალბათ ძალიან ბევრი, აი ახლა ასამდე თვლა, რომ ვიცოდე დავითვლიდი და მერე მე და დედიკოს გაგვიშვებდნენ სათამაშოდ... ახლა ფანჯრის წინ მდგარ მაგიდას დავუწყე თვალიერება, ხის ფერია, დიიიიდი, ერთმანეთზეშემოწყობილი მუყოს სწრაფჩამკერები საცაა წაიქცევა და უამრავ თავმოყრილ ფურცელს გაფანტავს. ერთერთი ფეხზე დაუყენებიათ და ნათურისთვის მიყუდებიათ, გამიხარდა ასოები ჩანდა, შევეცადე წამეკითხა: ”ს...ა...ქ...მ...ე... საქმე...”, ”საქმე”, მერე ციფრები წერია. მინდა მის ქვევითაც წავიკითხო სიტყვა ”дело" თუმცა ასოებს ვერ ვცნობ. გავბრაზდი, მე ხომ ყველა ასო ვიცი, ოცდაცამეტივე. ”მამიკოს არ ვეტყვი, რომ ვერ წავიკითხე”... ჩემს წინ დიდი საწოლი დევს, ოდესღაც ალბათ მომწვანო რკინის ფეხები ჰქონდა, ახლა გადაკრული ტყავიც კი ალაგ-ალაგ გახეული და უნიჭოდ დაკემსილია. ზედ დედიკოს გადაფარებული ზეწარია, აი ის, მე, რომ მიყვარს ყვავილებიანი. საწოლზე დედა წევს, თვალები დახუჭული აქვს და ღრმად სუნთქავს, ექიმმა უფრო შეუხსნა ღილები, უზარმაზარ მუცელზე ხის მილი დაადო და ჯიუტად სთხოვს ღრმად ისუნთქოს. მერე მუცელზე ხელი დაადო და:
-აქ გტკივათ? აქ?..აქ?..
დედიკო შეიჭმუხნა...არ მომწონს ეს ექიმი, ატკინა, ატკინა დედას დიდი და გაბერილი მუცელი... თეთრხალათიანმა გამიღიმა, მე წარბები შევჭმუხნე და ცხვირი ავუბზუე. მერე დედას მიუბრუნდა:
- უკვე დროა...
დედამ ღიმილით შემომხედა და ღილების შეკვრა დაიწყო. სახე გამიბრწყინდა მივხვდი რაშიც იყო საქმე, ექიმიც კი მიხვდა, რომ უკვე დრო იყო დაჭერობანა გვეთამაშა გარეთ...
...1991 წლის აგვისტო, 2 წლის და 6 თვის ვიყავი... ზუსტად 2 კვირაში დედიკომ ჩემი სკვინჩა დაიკო მაჩუქა...