
სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრეპავლობის მარხვა.
მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით - 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს, ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს (თადეოზს), სვიმონ მოშურნესა და მატათას.
ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.
წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან (კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური), მათ შორის არის ერთგვარი სულიერი სიახლოვე, მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23)
პეტრეპავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე.
პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.
საქართველოს ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).
მორწმუნე, რომელსაც სურს, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო შეიმსუბუქოს მარხვა, კურთხევას იღებს მმართველი ეპისკოპოსისგან ან სულიერი მოძღვრისგან. ამით თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ გაუგებრობასა და გართულებებს, თვითნებურ მარხვას რომ მოსდევს ხოლმე თან.
წყარო:
http://www.orthodoxy.ge/