Saturday, April 25, 2009

365

ისევ ტირის ტიფლისის ცა... ისევ ფანჯრის რაფაზე ვარ აფორთხებული, ჩემი ბალიშითა და ფინჯანი ჩაით (რა თქმა უნდა ლიმნით!), ჩამოჩაჩული მკლავებით სასურველ ტემპერატურას ვაწვდი გათოშილ თითებს. ამჯერად ყურთსასმენებით არ ვარ შეიარაღებული, პირიქით სასურველი ნოტები მთელს ოთახს ათბობს. ორთქლს ამოყოლილი ნაცნობი სურნელი მაიძულებს თვალები დავხუჭო და ფიქრების ქარიშხალი მესხმის თავს. ერთი ყლუპი და... ფიქრები კადრებად იქცევიან... მეორე ყლუპი და იწეყება წარსულში ბორიალი, პირველი შეხვედრა, მოულოდნელი, ჩემი დაბნეული მზერა მახსოვს და აწეული ცხვირი... მესამე, პირველი შეხვედრა, პირველი ერთად გატარებული დღე... მეოთხე ფიქრით გაჯერებული ყლუპი, ესეც პირველი კომპლიმენტი, სიამოვნებისგან შემთბარი ლოყები... მეხუთე, პირველი გაცილება სამსახურამდე და პირველი სურვილი გზა დაგრძელებულიყო... ხარბად დაწაფული მეექვსე ყლუპი და პირველი გამოფენა, პირველი ლიმნიანი ალუბლის წვენები... მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე და გონებას მოწოლილი წარსული პირველი ღამის საუბრები და დათენებები... თერთმეტი და თორმეტი, პირველი შიში, შენ გორში ხარ, გაუცნობიერებელი შიში... ცამეტი, თოთხმეტი, სასწრაფოდ მოშორებული შავი ფიქრები, მის მაგივრად შენი თბილი თვალები... თხუთმეტი პირველი სურვილი უფრო ახლოს გაცნობის, შენ სამყაროში შემობიჯების... თექვსმეტი, ჩვიდმეტი ჩემი ბრალი არ არის, სასურველი სამყაროს კარი ღია დამხვდა :) თვრამეტი, პირველად თვალებში დანახული ”ის” რასაც ჯერ ვერ/არ ვხვდები... ცხრამეტი პირველი მიყვარხარ... ოცი და ოცდაერთი, მეც მიყვარხარ და პირველი კოცნა... სიხარულო 365 დღე გავიდა...

ცარიელ ჩაის ფინჯანს გულში ვიხუტებ, დაორთქლილ ფანჯარას პატარა გულუკას ვახატავ და შენ სახელს ვწერ... თვალებს ვხუჭავ და ვხედავ: როგორ იბერება გულის მიერ ნადირიჟორები მელოდიის შესრულებით ცხვირის ნესტოები, როგორ ყავხარ ჩახუტებული თეთრ, ქათქათა, თბილ ბალიშს ჩემს მაგივრად, ვხედავ როგორ შეირხა ოდნავ შენი წამწამები, როგორ დინჯად და ზანტად გაცურდა შენი თითები პაწაწუნა შავი ყუთისკენ სადაც მომწვანომოთაფლისფეროდ წაკითხულმა ”დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო”-მ ტუჩის კუთხე აათამაშა...









და ჩემი პაწაწუნა შავი ყუთის ეკრანზე რატომ გამოჩნდა კონვერტი?

Sunday, April 19, 2009

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!


ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!



Saturday, April 18, 2009

ჩემებური...


საშინელმა ფიზიკურმა ტკივილმა გამაღვიძა, გეტყვი თუ არ გაგეღიმება... მარჯვენა გული მტკივა :( აჰა, შენც გეღიმება, ყურში ჩამესიმის შენი სიცილის ხმა... ტკივილმა და სევდამ ერთად დაიპყრო ჩემი სხეული, ყელში მწვდა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. უბრალოდ უხასიათოდ ხართქო შემოვუძახე თავს და ღიმილის მაგვარი ვცადე. ჩვეული, მივიწყებული ხერხი გამახსენდა... თბილი პლედი ტოგასავით შემოვიფარე და ყურთსასმენებითა და ბალიშით შეიარაღებული ფანჯრის რაფაზე ავფორთხდი. ვგრძნობდი საშინლად ვიყავი ემოციებისგან დაცლილი, თუმცა ისევ იმ 5 წუთის იმედად, ყველაფერს რომ მავიწყებს, მუსიკა ჩავრთე, მუხლები გულში მივიკარი და ვუყურებდი საათის ისარს, რომელსაც ნაცნობი წრე ხუთჯერ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემოერბინა... 5 წუთები გადიოდა მე კი მომდევნო 5 წუთის იმედად ჩათბუნებული მივშტერებოდი ნაცნობ ხედს. ბაღში იასამნები აყვავილებულან და ამაყად უშვერენ ყვავილებს წვიმის წვეთებს. მმმმ რა დიდი სიამოვნებით შევუშვერდი მეც სახეს, მაგრამ სიცივის მეშინია, ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო შევიმალე პლედში. უცებ არსაიდან მოსული სტრიქონები: ”რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები”... ვტკბები? what utter nonsense! ვკვდები... რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვკვდები...

ბავშვობის ოცნება გამახსენდა. ფრთები მინდოდა საშინლად, ვფიქრობდი ვის რა დაუშავდება ორიცალი სრიფრიფანა ფრთა რომ მქონდეს და ფრენა შემეძლოსთქო. ცოტა, რომ გავიზარდე მივხვდი რასაც დავაშავებდი და სასწრაფოდ დავხვეწე, რა მოხდება ჩიტად გადაქცევა რომ შემეძლოსთქო. როცა მარტოდ ვიგრძნობდი თავს, როცა ჩემი სამყარო ისე დაპატარავდებოდა, რომ ფანჯრის მინასა და ფარდას შორის მოექცეოდა თვალებს დავხუჭავდი, ჩუმად ვინატრებდი და პაწაწუნა ჩიტუნას სხეულით ცად ავიჭრებოდი. რა მოხდებოდა? საშინელ ხმას გაიგებდი, ახლა უკვე მარცხენა გულში ტკვილის იგრძნობდი და ერთი სურვილიღა დაგრჩებოდა, მალე მაინც დასრულდებოდეს ეს უსასრულო ვარდნა...

ვგრძნობ, რომ ვუფერულდები, სიხარულითა და ბედნიერებით მოპოვებული ფერებისგან ვიცლები და ერთადერთი ისღა დამრჩენია ხელგაწვდენილმა ნაცნობ თუ უცნობ თვალებში ფერები ვიმათხოვრო: მაჩუქეთ ფერები, მაჩუქეთ რომ არ გავქრე...

ვიგრძენი, ის ხუთი წუთი მოვიდა, თვალებში სითხე მომაწვა, პირველმა წვეთმა გაკვალა გზა ნიკაპისკენ, დანარჩენებიც მოემზადნენ, რიგში ჩადგნენ... ზოგი ჯერ კიდევ თაფლისფერ გარს ჩაჰხუტებია და ემშვიდობება, ზოგიც წამწამს ჩამოჰკიდებია და გრძნობს, რომ უკვე მისი ჯერია...

... ერთად ვიტირეთ მე და ჩემმა ტიფლისის ცამ.

Friday, April 17, 2009

უბრალოდ მომენატრა...


საშინლად დაღლილს და თავის ტკივილისგან ძალა/ენეგრია გამოცლილს კოლმეურნეობაზე ბალახის სუნი შემომეფეთა. ქალაქის ხმაურსა და უაზრო მექნიკურ ყოველდღიურობას შეჩვეულს მეუცხოვა და მივხვდი, რომ...
რომ თვალს მოენატრა სიმწვანე, სულს მწვანე გაზაფხულის სუნი და გულს სიმწვანეში და სიჩუმეში ახმაურებული ბუნების ხმები...

Sunday, April 12, 2009

meow!



ერთხელ რაღაც გადაცემას ვუყურებდი,ცნობილ ადამიანებს ეკითხებოდნენ რომელ ცხოველს შეადარებდით თქვენს თავსო, ხოოოდა მე რის მე ვიყავი საკუთარ თავზე რომ არ ჩავფიქრებულიყავი :D ასე, რომ შევუდექი საკუთარ თავზე დაკვირვებას. ამოსავალ წერტილად ჰოროსკოპი მივიჩნიე და დავიწყე:

1) თვეზები... მე-12 ნიშანი, ნუ როგორ სკეპრიკურადაც ვარ განწყობილი წინა პოსტებში მიწერია. თუმცაღა განხილვის ღირსია. მაშ ასე:
რატომ ვარ თევზი?
-ჩვენი სტიქია წყალია... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მიყვარს წყალი, ცურვა, ყვინთვა, ბანაობა, ჭყუმპალაობა, წუწაობა და ასე შემდეგ მდიდარი წარმოსახვის უნარით პლიუს უსასრულობამდე.
-წყალმცენარეები. ვიზუალურადაც მოგვწონს, მშვიდ გარემოს გვიქმნის და საკვებ პროდუქტადაც ვიყენებთ.
რატომ არ ვარ თევზი?
-აბსოლუტურად უფარფლო არსება ვარ.
-ჟანგბადიც განსხვავებულად მიეწოდება ჩემს ორგანიზმს, ანუ 24 საათი კვირაში 7 დღე წყალში ვერ გავჩერდები.
-მაქვს ენა და თევზისგან განსხვავებით დანიშნულებისამებრაც გამოვიყენებ. ლაპარაკი, განსაკუთრებით კი წუწუნი ისე მიყვარს, თევზად გადაქცევა ნამდვილად უსასტიკესი სასჯელი იქნებოდა ჩემთვის!
დასკვნა: არ ვარ თევზი! მიზეზი: თევზებს არ შეუძლიათ წუწუნი!



2) დრაკონი... სიმართლე ვთქვა არ ვიცი მერამდენე ნიშანია, აქ ცხოველებს ჰოროსკოპის მიხედვით არ განვიხილავ, უბრალოდ რომელი ცხოველები ავიღო შესადარებლად იმაში დავიხმარ.
რატომ ვარ დრაკონი?
-საშინლად ფეთქებადი ვარ და გაბრაზებული მეც ცეცხლებს ვაფრქვევ, სხვა მხრივ ბოლს არ ვუშვებ როგორც ანეგდოტშია :დ
რატომ არ ვარ დრაკონი?
-არ ვარ მახინჯი (ყოველ შემთხვევაში ია ტაკ დუმაიუ :p)
-არ მაქვს რქები, ეკლებისმაგვარი წანაზარდები, ტყვიამახვილბასრიარაღ გაუმტარი კანი.
-არ მაქვს ჩლიქები, კლანჭები, ფრთები, მეორე ან მეტი თავი.
-და მადლობა ღმერთს მე ჯერ კიდევ ვარსებობ!
დასკვნა:არ ვარ დრაკონი! მიზეზი: ყველაზე გამოკვეთილი _ ვარსებობ!



3) სპილო... ზოროასტრიული ჰოროსკოპით გახლავართ არც მეტი არ ნაკლები სპილო.
რატომ ვარ სპილო?
-მიყვარს საქმე რომელსაც ვაკეთებ და ვაკეთებ ერთიდაიგივე ენთუზიაზმით რაც არ უნდა მძიმე იყოს (შრომისმოყვარეობა).
-მზრუნველობით გამოვიჩევით ახლობლებისადმი.
-შეგვიძლია ტირილი...
-მართალი ხორთუმი არა მაგრამ, ნუუუ ისა, ხო არც ისე პაწუკა ცხვირი მაქვს :დ
რატომ არ ვარ სპილო?
-გაბარიტებს ვერ ვაკმაყოფილებ.
-შეფერილობთ განვსხვავდები.
-სულ ახლახანს აღმოაჩინეს, რომ სპილოებს ხატვა შეუძლიათ, მე კი არა : (აი აქ წიხლი ჩამარტყეს)
დასკვნა: არ ვარ სპილო! მიზეზი: ხატვა! (სპილუკა ვარ :* გამგები გაგებს :p)


4) და ბოლოს, ჩემი თუ სხვათა უნებლიე და თუ დაჟჳნებული დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ბუნებით ვარ კატა. იმიტომ რომ:
-საოცრად მიყვარს სითბო
-კარგად მოკალათებულს, მშვიდ გარემოში, სოთბოს ძემოქმედების ქვეშ მეყვინთება (ანუ მეძინება ხოლმე, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში)
-ვკრუტუნებ, მაშინ როდესაც კარგად და ბედნიერად ვგრძნობ თავს.
-სიფრთხილის შეგრძნება მაქვს საოცარი, ზოგჯერ ზედმეტი.
-ვიპორჭყნები :D არსებობენ ადამიანები ვისაც საკუთარ თავზე გამოუცდიათ, თუმცა მას შემდეგ გრძელი ფრჩხილი ჩემს ხელზე აღარავის უნახავს...



ჩამონათვალის გაგრძელება მოსაწყენი იქნება, ასე რომ ამ ჯერად მხოლოდ 4 პუნქტს დავჯერდები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კატად გადაქცევა არც ისე გამიხარდებოდა. ნუუუ, ჩემი კანის ფერს თუ გავითვალისწინებთ დაახლოებით ასეთი პარაზიტი ვიქნებოდი:






თუმცა აქვე გამოსავალი, გული, რომ არ დამწყდეს :D ჩემი ბავშვობის სანატრელი გმირის ფორმაში გამოწყობილი დიდი სიამოვნებით ვიტყოდი: moew!!!


Tuesday, April 07, 2009

ერთი ნივთის ისტორია...




90იანი წლების დასაწყისი...

გაჭირვება, უშუქობა, უგაზობა, უგზოობა...

ქაშუეთის წინ დასასვენებლად ჩამომჯდარი ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი და ახალშობილი ბავშვებით ხელში...

იქვე მჯდარი მოხუცი, შავოსანი ქალი, პაწაწინა ჯვრებით ხელში...

უკანასკნელი ქაღალდის ფულით მეუღლისთვის შეძენილი ჯვარი და ჯიბეში ჩაჩხრიალებული ხურდები...

შვილის სურვილით ანთებული თვალები და მოჩლეფილ ენაში შეპარული თხოვნა: დედი მეც მიყიდე ჯვარი რააა...

დედის შეჭმუხნული შუბლი და თვალებში ჩამდგარი ცრემლიანი სევდა...



ხოდა, მოხუცმა ქალმა, რომელის პური არსობისა ჯვრის გაყიდვაზე იყო დამოკიდებული, ადგა და მაჩუქა. გამოუთქმელია მაშინ განცდილი სიხარული. მის მერე ყელზე მოუხსენლად მიკეთია.

Thursday, April 02, 2009

სპილუკას ხო უყვარხაააააააარ




მიყვარხარ...


არა, ასე მარტივად არაა საქმე. ძალიან მიყვარხარ...


არა, არც ასე...


მიყვარხარ სიგიჟემდე, სიაბდლემდე, სისულელემდე...


არა, ასე მარტივად, მწირად და გაცვეთილი სიტყვებით ვერ გადმოგცემ იმას რაც ჩემს გულშია. სიხარულო, ჩემი სიყვარული შენდამი უკიდეგანოა, უსაზღვრო, დაუსაბამო და დაუსრულებელი, არ აქვს მიჯნა და საზღვარი. წრესავითაა, არც თავი აქვს და არც ბოლო, კიდევ ვეებერთელაა. ჩემი სიყვარული მზეს გავს, თვალს ვერ ვუსწორებ, სინათლეს და სითბოს ასხივებს და სასიცოცხლოდ აუცილებელია. როგორ მინდა იცოდე, გრძნობდე როგორ მიყვარხარ. ნეტავ შეიძლებოდეს გულის თხოვება, გათხოვებდი და იგრძნობდი იმას, რასაც მე ვგრძნობ შენს მიმართ. შენზე ფიქრით გულში მითბილა, სულში მთბილა, მერე რა რომ გარეთ ცივა, ცხვირის წვერი კი გაყინულია... ჩემი სიყვარული ისეთივე ჯიუტია, როგორც სანთლის ალზე მოფარფატე ფრთებდამწვარი პეპლის ტრფიალი... ჩემი სიყვარული ჩურჩულიდან კივილამდეა, ღიმილიდან ტირილამდე, ტკივილიდან ნეტარებამდე, დედამიწიდან ცის უსასრულობამდე. ჩემი სიყვარული ჩემი გულიდან შენს გულამდეა...






სიხარულო, იცი? სპილუკას ხოო, უყვარხარ...