Saturday, April 18, 2009

ჩემებური...


საშინელმა ფიზიკურმა ტკივილმა გამაღვიძა, გეტყვი თუ არ გაგეღიმება... მარჯვენა გული მტკივა :( აჰა, შენც გეღიმება, ყურში ჩამესიმის შენი სიცილის ხმა... ტკივილმა და სევდამ ერთად დაიპყრო ჩემი სხეული, ყელში მწვდა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. უბრალოდ უხასიათოდ ხართქო შემოვუძახე თავს და ღიმილის მაგვარი ვცადე. ჩვეული, მივიწყებული ხერხი გამახსენდა... თბილი პლედი ტოგასავით შემოვიფარე და ყურთსასმენებითა და ბალიშით შეიარაღებული ფანჯრის რაფაზე ავფორთხდი. ვგრძნობდი საშინლად ვიყავი ემოციებისგან დაცლილი, თუმცა ისევ იმ 5 წუთის იმედად, ყველაფერს რომ მავიწყებს, მუსიკა ჩავრთე, მუხლები გულში მივიკარი და ვუყურებდი საათის ისარს, რომელსაც ნაცნობი წრე ხუთჯერ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემოერბინა... 5 წუთები გადიოდა მე კი მომდევნო 5 წუთის იმედად ჩათბუნებული მივშტერებოდი ნაცნობ ხედს. ბაღში იასამნები აყვავილებულან და ამაყად უშვერენ ყვავილებს წვიმის წვეთებს. მმმმ რა დიდი სიამოვნებით შევუშვერდი მეც სახეს, მაგრამ სიცივის მეშინია, ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო შევიმალე პლედში. უცებ არსაიდან მოსული სტრიქონები: ”რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები”... ვტკბები? what utter nonsense! ვკვდები... რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვკვდები...

ბავშვობის ოცნება გამახსენდა. ფრთები მინდოდა საშინლად, ვფიქრობდი ვის რა დაუშავდება ორიცალი სრიფრიფანა ფრთა რომ მქონდეს და ფრენა შემეძლოსთქო. ცოტა, რომ გავიზარდე მივხვდი რასაც დავაშავებდი და სასწრაფოდ დავხვეწე, რა მოხდება ჩიტად გადაქცევა რომ შემეძლოსთქო. როცა მარტოდ ვიგრძნობდი თავს, როცა ჩემი სამყარო ისე დაპატარავდებოდა, რომ ფანჯრის მინასა და ფარდას შორის მოექცეოდა თვალებს დავხუჭავდი, ჩუმად ვინატრებდი და პაწაწუნა ჩიტუნას სხეულით ცად ავიჭრებოდი. რა მოხდებოდა? საშინელ ხმას გაიგებდი, ახლა უკვე მარცხენა გულში ტკვილის იგრძნობდი და ერთი სურვილიღა დაგრჩებოდა, მალე მაინც დასრულდებოდეს ეს უსასრულო ვარდნა...

ვგრძნობ, რომ ვუფერულდები, სიხარულითა და ბედნიერებით მოპოვებული ფერებისგან ვიცლები და ერთადერთი ისღა დამრჩენია ხელგაწვდენილმა ნაცნობ თუ უცნობ თვალებში ფერები ვიმათხოვრო: მაჩუქეთ ფერები, მაჩუქეთ რომ არ გავქრე...

ვიგრძენი, ის ხუთი წუთი მოვიდა, თვალებში სითხე მომაწვა, პირველმა წვეთმა გაკვალა გზა ნიკაპისკენ, დანარჩენებიც მოემზადნენ, რიგში ჩადგნენ... ზოგი ჯერ კიდევ თაფლისფერ გარს ჩაჰხუტებია და ემშვიდობება, ზოგიც წამწამს ჩამოჰკიდებია და გრძნობს, რომ უკვე მისი ჯერია...

... ერთად ვიტირეთ მე და ჩემმა ტიფლისის ცამ.

No comments: